ფილიპდიკი. ” Time Out of Joint”
”დრო უმნიშვნელოა, მხოლოდ სიცოცხლეს აქვს მნიშვნელობა”ლუკ ბესონი, ”მეხუთე ელემენტი”
”ოდესღაც ჩვენ ზღვის ორგანიზმები ვიყავით და წყალქვეშ ვცხოვრობდით. აკვარიუმის ტყვეობაში მოქცეულნი, ვცდილობდით ზღვის ზედაპირის მიღმა გაგვეხედა და განგვეცადა თუ რამდენად დიდი იყო სამყარო, რომელიც ზევით გველოდებოდა”ტიმოთი ლირი, ”ღმერთის შვიდი ენა”
ბავშვობაში მაინტერესებდა თუ რას განიცდიდა ქრისტეფორე კოლუმბი, როდესაც ფეხი სან სალვადორის მიწაზე დადგა. მაინტერესებდა ორი საუკუნის შემდეგ რას განიცდიდნენ პირველი კოლონისტები, როდესაც ველური დასავლეთის დაპყრობა დაიწყეს. ჩემს წარმოსახვაში ცოცხლდებოდა ათასობით კილომეტრზე - ტეხასიდან ჩრდილოეთ დაკოტამდე გადაჭიმული ფრონტირის ისტორია, რომელიც ნელ-ნელა დასავლეთისკენ მიიწევდა, უკან კი ათვისებულ და ველურ უმანკოება დაკარგულ მიწას ტოვებდა. მათი გზა სისხლით და ოფლით იყო გაჟღენთილი და ბურუსით მოცულ ჰორიზონტისკენ მიისწრაფვოდა. კოლონისტების თითოეული ნაბიჯი ქაოსის სამეფოს გამოგლეჯილი მიწის კიდევ ერთ ნაგლეჯს ჩუქნიდა ცივილიზაციას, მაგრამ მალე ისევე როგორც ყველაფერი მათ მიერ უკვე მრავალჯერ განცდილი თავის იდუმალ ხიბლს კარგავდა და ბანალურ ყოველდღიურობად იქცეოდა. ხიფათს და თავგადასავლებს მოწყურებულნი კი კვლავ იყრებოდნენ და ახალ ავანტურისტებთან ერთად წინ, სამყაროს კიდისკენ მიემართებოდნენ.









